VoIP სატელეფონო სისტემები, დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ისინი კომპანიებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ისეთი მრავალფეროვანი სატელეფონო ფუნქციები, როგორებიცაა ზარის დალოდების მუსიკალური რეჟიმი და რიგითობა, ზარების გადამისამართება შიდა თუ გარე ნომრებზე, სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის მონიტორინგი და ამაღლება, ქოლცენტრის მონიტორინგის სისტემით სარგებლობა და ა.შ. თუმცა მანამ, სანამ კომპანიაში VoIP ტელეფონიის იმპლემენტაციას დაგეგმავთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ტიპის VoIP მომსახურებები არსებობს და როგორ ავარჩიოთ ჩვენს ბიუჯეტზე მორგებული სერვისი.
არსებობს სატელეფონო სისტემა 1-დან 15-მდე შიდა ნომრების რაოდენით და სისტემა 15-ზე მეტი შიდა ნომერით. შიდა ნომრებად მოიაზრება ნომრები, რომელიც უნდა აიკრიფოს მთავარი ნომრის შემდგომ სხვადასხვა განყოფილებებთან ან ფილიალებთან დასაკავშირებლად (მაგ: 100, 101, 102 და ა.შ.)
1-დან 15-მდე შიდა სატელეფონო ნომერი
თუკი თქვენი სატელეფონო მოთხოვნები მოიცავს 1-დან 15-მდე შიდა სატელეფონო ნომრის მოწყობას კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებსა თუ ფილიალებთან დასაკავშირებლად, ყველაზე ოპტიმალურია სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებით სარგებლობა. ამ შემთხვევაში, თქვენ არ გიწევთ ძვირადღირებულ სისტემაში ინვესტიციის განხორციელება და სერვისების შეძენა (როგორიცაა სერვერი, ინფრასტრუქტურა, სატელეფონო სისტემის მოსავლელად სპეციალური კადრის დაქირავება). სატელეფონო სისტემის აწყობა ხდება თქვენი VoIP პროვაიდერის მხარეს, მათსავე სატელეფონო სისტემაზე, რაც ასევე, თავის მხრივ, მოიცავს როგორც სისტემის ფუნქციებისა და კონფიგურაციის დაგეგმვას, ასევე სრულ სატელეფონო მომსახურებასა და 24 საათიან ტექნიკურ სერვისს.
სატელეფონო ჰოსტინგის არჩევის შემთხვევაში, თქვენ იხდით მხოლოდ სააბონენტო გადასახადს, რომელიც მოიცავს სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას და შეღავათიან ტარიფებს წუთობრივ გადასახადებზე (თქვენი მხრიდან განხორციელებულ გამავალ ზარებზე). სააბონენტო გადასახადები, თქვენ მიერ არჩეული VoIP პროვაიდერისა და შიდა ტელეფონების რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა, მერყეობდეს თვეში 10₾-დან 50₾-მდე. ეს სისტემა ძალიან მოქნილი და მოსახერხებელია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რამდენადაც, სისტემით სარგებლობა შეგიძლიათ დაიწყოთ 1 ტელეფონიანი სისტემიდან და თქვენი მოთხოვნების ზრდის შესაბამისად, გაზარდოთ შიდა ნომრების რაოდენობა, ასევე, ის არ მოითხოვს დიდ საწყის დანახარჯებსა და რთულ სატელეფონო ინფრასტრუქტურაში გარკვევას.
სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურებით სარგებლობისთვის, საჭიროა ციფრული ქალაქის სატელეფონო ნომრით სარგებლობა (ან თქვენი არსებული ქალაქის ნომრის პორტირება ციფრულ ქალაქის ნომერზე) და ოფისში შესაბამისი სიჩქარის მქონე ინტერნეტის სერვისის არსებობა. VoIP მომსახურებით სარგებლობისას, შეგიძლიათ შეიძნოთ სპეციალური VoIP ტელეფონები, რომელთა ფასები 100 ლარიდან იწყება, ან გამოიყენოთ სპეციალური, უფასო კომპიუტერული პროგრამა (სოფტფონი).
სატელეფონო სისტემის საჰოსტინგო მომსახურების არჩევას ამარტივებს ის ფაქტიც, რომ ამ ტიპის მომსახურების იმპლემენტაცია თქვენს საოფისე სივრცეში სწრაფი და მარტივი პროცედურაა და პორტირების პროცესი მაქსიმუმ 1 დღეში სრულდება.
15-ზე მეტი შიდა სატელეფონო ნომერი
15-ზე მეტი შიდა სატელეფონო ნომრის საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალურია კომპანიის შიდა სატელეფონო სადგურის მოწყობა. ამ შემთხვევაში, საწყისი ხარჯი იზრდება, რადგან კომპანიას უწევს სპეციალური სერვერის შეძენა, სისტემის გამართვის ფასი კი 200-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიებს აღარ უწევთ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდა. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ულიმიტო რაოდენობის შიდა ნომრების დამატება და სისტემის გაფართოვება ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე. კომპანიები იხდიან მხოლოდ წუთობრივი გამავალი ზარების გადასახადს, რაც ხშირად დიდი ზომის კომპანიებისთვის კიდევ უფრო შეღავათიანია, ვიდრე მცირე ზომის კომპანიებისთვის.
დიდ კომპანიებს უკვე აქვთ საკმაოდ დიდი შიდა IT ინფრასტრუქტურა და სატელეფონო სისტემის მასში მოქცევა ამარტივებს მის დაქვემდებარებას ერთიან მენეჯმენტთან.
ასევე, საკუთარი სატელეფონო სისტემის მოწყობის დროს, შიდა ზარების განხორციელებისთვის, აღარ არის საჭირო ინტერნეტის ტრაფიკის გამოყენება და რამდენადაც დიდ კომპანიებში შიდა ზარების რაოდენობაც საკმაოდ დიდია, ამ სტრუქტურის გამართვა იწვევს ინტერნეტ ტრაფიკის სერიოზულ ეკონომიას.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი სატელეფონო სისტემის მოწყობისას, ყურადღება მიაქციოთ VoIP პროვაიდერის არჩევას და დარწმუნდეთ, რომ ის უფასო ტექნიკურ მომსახურებას თავად გთავაზობთ.
ნებისმიერი ტიპის VoIP მომსახურების არჩევის შემთხვევაში, კომპანიები ზოგავენ სატელეფონო ხარჯებს, რამდენადაც VoIP ტელეფონია განსაკუთრებით შეღავათიან ტარიფებს იძლევა მობილურ ოპერატორებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დასაკავშირებლად. ხოლო მრავალფეროვანი ფუნქციონალი, გადამწყვეტია მომხმარებელთათვის წარმატებული სატელეფონო სერვისის შესათავაზებლად, შესაბამისად, გაყიდვების რაოდენობის გაზრდისა და კომპანიის სერვისებით მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებისათვის.
Copyright © 2026 ARComm Powered by ARComm.